Wednesday, June 13, 2012

მოდური მაღაზიები საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირზე, "პიქსელის" სავაჭრო ცენტრში, მომცრო ზომის ოთახში "თბილისის მოდის კვირეულის" მაღაზია გაიხსნა. იქ კვირეულზე ქართველი დიზაინერების მიერ წარმოდგენილ უახლეს კოლექციებს ჰყიდიან. თავიდან დღე ისე გავიდოდა, რომ მათ მაღაზიაში არავინ შედიოდა, ახლა დღეში ზოგჯერ 10-15 პოტენციურ კლიენტს ან უბრალო ცნობისმოყვარეს მასპინძლობენ. იმას, რომ ჯერ მხოლოდ 25-მდე ნივთი გაყიდეს, იმით ხსნიან, რომ მაღაზია შედარებით ახალი გახსნილია. თუმცა კლიენტურის მხოლოდ ვიწრო და ჩაკეტილი წრე ჰყავთ იმ დიზაინერების მაღაზიებსაც, რომლებიც ქართული მოდის ვეტერანებად ითვლებიან. მაგალითად, მოდის ბიზნესს საქართველოში უკვე წლებია, ავთანდილ ცქვიტინიძის ერთი მაღაზიაც ჰყოფნის, მისი კოლექციების უდიდესი ნაწილი კი არა ქართველ კლიენტურაზე, არამედ ყაზახეთში, უკრაინაში და იაპონიაშიც კი საღდება. ქართველი დიზაინერების კიდევ ერთ მაღაზიაში (FLABOUR), რომელიც დიზაინერმა გვანცა ჯანაშიამ გახსნა, ფასები 70-დან 600 ლარამდეა. Atelie 10a-ს მწვანე ფარჩისა და შიფონისგან შეკერილი კაბა აქ 430 ლარი ღირს, ქეთი ჩხიკვაძის შავი აბრეშუმის კაბა 340 ლარი, Atelier Informal-ის კრემისფერი შარვალი - 230 ლარი, აკა ნანიტაშვილის შავი პალტო - 500 ლარი. მაღაზიის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ექსპონატი ნინო ჩუბინიშვილის, იგივე CHUBIKA-ს აბრეშუმის ბლუზია, ის 600 ლარი ღირს. ჩუბინიშვილი მალე პიერ კარდენის მოდის სახლისთვის სპეციალურ ხაზს შექმნის. 23 იანვარს ხელმოწერილი კონტრაქტის მიხედვით, კარდენის ახალ ბრენდს „Chubika for Pierre Cardin" ერქმევა და მისთვის ქართველი დიზაინერი რეგულარულად იმუშავებს. ჩუბიკას მსგავსად მეორე წელია, სულ უფრო პოპულარული ხდება ქართულ-კანადური დუეტი Gaudet, რომლის პროდუქციასაც MADE IN GEORGIA ნაწილობრივ სიმბოლურად აწერია (მაღალი ტექნოლოგიებით დამუშავებული ფერადი პალტოები კანადაში იკერება და ვრცელდება, მაგრამ ქართული თექისგან მზადდება). Gaudet -მა გასულ წელს ტორონტოს მოდის კვირეული გახსნა. თუმცა ქართველი დიზაინერების ეს ცალკეული წარმატებები ქართულ ბაზარზე არ აისახება. ადგილობრივი წარმოება ჯერჯერობით არ ვითარდება და დიზაინერების უმეტესობა ისევ მხოლოდ იშვიათი კერძო შეკვეთების იმედზეა. შესაბამისად, ქართველი დიზაინერების მაღაზიასთან შედარებით, გაცილებით მეტი კლიენტი ჰყავს იმავე შენობაში მდებარე მსხვილ ბრიტანულ სავაჭრო ქსელს NEXT-ს. გამოდის, რომ თბილისელი მომხმარებელი არჩევანს მაინც ფასზე აკეთებს და არა - სამოსის ექსკლუზიურობასა და ხარისხზე, თუმცა, ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია. გასულ გაზაფხულზე ჭავჭავაძის გამზირზე ქართული ტრადიციული სამოსის მაღაზია "სამოსელი პირველი" გაიხსნა. ორსართულიანი მაღაზიის ეფექტური ექსტერიერი პირველი შეხედვისთანავე იპყრობს ყურადღებას. ეს ერთადერთი მაღაზიაა თბილისში, რომლის ვიტრინაში მდგომ მანეკენებსაც ტრადიციული ქართული სამოსი აცვიათ. პირველ სართულზე, ძირითადად, აქსესუარები იყიდება: ქამრები, სარტყელები, ქისები, საბრძოლო აღჭურვილობა - ყველაფერი, რასაც ტრადიციულად ქართველი კაცი იყენებდა და რაც თანამედროვე ქართველი მამაკაცებისთვის, წესით, გამოუსადეგარი უნდა იყოს. თუმცა ასე არ ფიქრობს „სამოსელი პირველის" დირექტორი და თანადამფუძნებელი, ლუარსაბ ტოგონიძე. როცა არ უნდა მიხვიდეთ მის მაღაზიაში, მასპინძელი ჩოხაში გამოწყობილი შეგებებებათ. მეორე სართულზე უკვე იმ სამოსს იხილავთ, რითაც ჩვენი წინაპრები იმოსებოდნენ: ჩოხა-ახალუხი, ყაბალახი, ფაფანაკი, ჩექმები და ფეხსაცმელები. ლუარსაბ ტოგონიძე ამბობს, რომ ეს კოსტუმები სამეცნიერო ლიტერატურის შესწავლის და სხვადასხვა კვლევის შედეგად შექმნეს. მაღაზიის დამფუძნებლების სურვილია, ქართული ნაციონალური კოსტიუმებისადმი საზოგადოებაში ინტერესი დააბრუნონ. სამოსი თანამედროვე ადამიანისთვისაც მოსახერხებელი გახადონ ოღონდ ისე, რომ ტანსაცელმა ძველი იდენტობა არ დაკარგოს: „სამუზეუმო ექსპონატებს არ ვაკეთებთ. გვინდა, რომ ეს ადამიანებმა ჩაიცვან. თუმცა კონსერვატორული სტილი შენარჩუნებულია. თანამედროვე ელემენტების შეტანა შეიძლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხასიათი დაიკარგოს. გვინდა, იყოს თანამედროვე, ლამაზი, მოსახერხებელი, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ქართული, ფუნდამენტური ჩარევების გარეშე", - აღნიშნავს ტოგონიძე. აქამდე მაღაზიაში მხოლოდ მამაკაცის ტანსაცმელი და აქსესუარები ჰქონდათ, თუმცა სულ ახლახან ქალის ხაზის განვითარებაც დაიწყეს. ამ ტანსაცმლის შესაქმნელად მაღაზიაში დიზაინერთა ექვსკაციანი ჯგუფი მუშაობს. უცხოური მაღალი კლასის ბრენდების მაღაზია PRIVE-ს პიარ მენეჯერი დალი ჩიტალაძე ფიქრობს, რომ აქ როგორც ხარისხის, ისე ინდივიდუალიზმის დეფიციტია: "აუცილებელია მოდის კვირეულებზე დიზაინერებმა უფრო მკაცრი კასტინგი გაიარონ. არ შეიძლება ყველაფრის ჩვენება. ყველა, ვისაც რაღაცის შეკერვა შეუძლია, დიზაინერი არ არის. ან ახალი უნდა გააკეთო რამე, ან ძალიან ხარისხიანი უნდა იყოს. მე რასაც ვუყურე ბოლო მოდის კვირეულებზე, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ახალი არაფერი იყო. ეს კოლექციები აბსოლუტურად არაფერს ნიშნავდა".

No comments:

Post a Comment