Wednesday, June 13, 2012
მოდის ინდუსტრია საქართველოში
მოდის ინდუსტრიის განვითარებისთვის ინდივიდუალური დიზაინერების კრეატიულობისა და კონცეპტუალური ხედვის გარდა, წარმოების აწყობა და ინვესტიციების ზრდაც აუცილებელია. ეს სფერო ხელოვნების უკიდურესად კომერციალიზებული ფორმაა.
"მოდას სჭირდება ფული და შთაგონება, მაგრამ ორივე მხოლოდ მასშტაბით მიიღწევა: ფული - დიდი გაყიდვებით, შთაგონება - ბევრი მოგზაურობით, პროფესიული პრაქტიკის გავლით და, რაც მთავარია, მაღალი რანგის ჩვენებებზე დასწრებითა და, რა თქმა უნდა, მონაწილეობით", - ამბობს თამარ ალავიძე, რომელიც Facebook-ზე FashionSnack-ის სახელით მუდმივად აქვეყნებს მოდის ინდუსტრიის სიახლეებს, მათ შორის, მსოფლიო დიზაინერების ახალ კოლექციებსა და მათ მიმოხილვებს.
პროდუქტიულობის მისაღწევად კი შრომისმოყვარეობასთან ერთად საკმაოდ დიდი თანხებია საჭირო. ხარისხიანი პროდუქციის შექმნა ხარისხიან ქსოვილებსა და ტექნიკას მოითხოვს.
"კარგი საკერავი მანქანის შეძენა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ბევრს შეიძლება ძალიანაც უნდა, რომ უკეთესი ტექნიკით შეკეროს, მაგრამ ამის ფინანსური საშუალება არ აქვს", - აღნიშნავს დალი ჩიტალაძე.
"ახალგაზრდა დიზაინერებს სრულფასოვანი ვებსაიტის გაკეთებისთვის საჭირო ფინანსებიც კი არ აქვთ და ვერც მაღალი ხარისხის ფოტოებს იღებენ", - ამბობს თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი სოფო მამარდაშვილი და მიიჩნევს, რომ სწორედ დამწყები დიზაინერების პოპულარიზაციის და დახმარებისთვის იყო მნიშვნელოვანი მათ მიერ ორგანიზებულ კვირეულზე "ახალბედების" ჩვენებების გამართვა.
ინდუსტრიას მოდის კვირეულებთან, შემოდგომა-ზამთრისა და გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებთან, დიზაინერების მაღაზიებთან ერთად, კიდევ ორი რამ ქმნის: მოდის კრიტიკა და მოდის ჟურნალები. ქართულ ბაზარზე არსებული ერთადერთი პრიალა ჟურნალი მოდის შესახებ კი - ჟურნალი "ამარტა" მხოლოდ კვარტალში ერთხელ გამოდის, ხოლო ქართულ მოდაზე ინტენსიურად მხოლოდ მაშინ წერს, როდესაც მოდის კვირეული იმართება. სხვა შემთხვევაში "ამარტას" ძირითადი თემა უცხოელი დიზაინერები და მსოფლიო მოდის ახალი ტენდენციებია.
"საჭიროა, მოდის კრიტიკოსებიც გაჩნდნენ - ადამიანები, რომლებიც იცნობენ მოდის ისტორიას, ერკვევიან ხელოვნებაში, ზოგადად, მოდის ინდუსტრიის დინამიკაში, სისტემატურად ეცნობიან სიახლეებს, შეუძლიათ, შეაფასონ შემოქმედის ნამუშევარი და რაც მთავარია - არგუმენტირებულად", - ამბობს თამარ ალავიძე.
მოდის კვირეულებისა და ქართველი დიზაინერების მაღაზიების მომრავლება იმის ნიშანია, რომ პროცესი ქართული მოდის ინდუსტრიაშიც დაიძრა. თუმცა, ის, რომ მცირე ზომის ქართულ ბაზარზე ორ-ორი მოდის კვირეული იმართება, ამ სფეროს უფრო კომიკურს ხდის, ვიდრე - სერიოზულს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment